03 სექ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძესთან და საქართველოს პარლამენტის წევრ, გია ჭყონიასთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. ქობულეთში, ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 საჯარო სკოლასა და 6 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია კიდევ 5 საჯარო სკოლაში, ასევე იგეგმება 2 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო ერთი ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსწავლეებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო გარემოს შექმნა რეგიონის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მისივე თქმით, სკოლებისა და საბავშვო ბაღების განახლება და ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.
წყავროკას საჯარო სკოლაში განახლდება შიდა სივრცეები და საინჟინრო კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავსა და ფასადს, კეთილმოეწყობა ეზო და გარე ინფრასტრუქტურა. ასევე მიმდინარეობს 105 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ბაღის შენობისა და ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.
მთავრობის თავმჯდომარე, საუკუნოვანი ისტორიის მქონე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოებსაც გაეცნო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ახალი, ღია ტიპის მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, განახლდა საჩოგბურთო კორტები და სკოლის ფასადი. მეორე ეტაპზე დაგეგმილია სკოლის შიდა სივრცეების სრული განახლება.
ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო, პირველკლასელებს და მათ მშობლებს შეხვდა და ახალი სასწავლო წლისთვის წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეგიონში მოქმედ 8 სარეალიზაციო პუნქტსა და ელექტრონულ პლატფორმაზე. განსაზღვრულ კატეგორიას მიკუთვნებული მოსწავლეები, მათ შორის სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილები, სასკოლო ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ.
ინფრასტრუქტურულ პროექტებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ქობულეთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.