01 სექ 2026
7 და 8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება.
ეს არის რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე, რომელიც წელს მთავარი სლოგანით იმართება: „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“. ფორუმზე განხილვის მთავარი თემები შუა დერეფნის შესაძლებლობები, გლობალური სავაჭრო მარშრუტები, პორტების განვითარება და რეგიონული ინტეგრაცია იქნება.
ფორუმი მაღალი წარმომადგენლობითობით გამოირჩევა და აერთიანებს რეგიონის ქვეყნების მთავრობებს, საზღვაო სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. წელს ბათუმში ერთმანეთთან ინტერაქციის შესაძლებლობა 40-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ 400-ზე მეტ დელეგატს მიეცემა.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, რომელიც ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.