დანამდვილებით ვიცით, რომ თითოეული წევრის მიმართ გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, მორალური კომპლექსების გაჩენა ხდებოდა, რომ არ გამოეყენებინათ უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება - ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე

01 სექ 2026

დანამდვილებით ვიცით, რომ თითოეული წევრის მიმართ გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, მორალური კომპლექსების გაჩენა ხდებოდა, რომ არ გამოეყენებინათ უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძემ ბიუროს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ანანიძის თქმით, მორიგი სესიის გახსნა, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც ოპოზიციამ გარე დავალებებით მიიღო.

"მორიგი სესიის გახსნა, ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში, კიდევ ერთხელ გვახსენებს, იმ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც ოპოზიციამ, სამწუხაროდ, გარე დავალებებით მიიღო. დღითიდღე უფრო ჩანს, რომ არჩევნებთან და გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები არცერთ დონეზე იქნა წარდგენილი. სამწუხაროდ, ოპოზიციამ, ისევ და ისევ, გარე ჩარევებით მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის სახელმწიფოებრივი, არ არის დემოკრატიული და ამავდროულად, პრაგმატულიც არ არის ოპოზიციის გადასახედიდან.

 

ვხედავთ ქუჩის პროტესტების მარგინალიზაციას - დაკარგა აბსოლუტური მინიმალური ეფექტიც კი. სამწუხაროდ, ის მანდატები, რომლებიც ამომრჩეველმა მიანიჭა ოპოზიციას, არ იქნა გამოყენებული. თქვენ გახსოვთ, მათ შორის, ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, რომელმაც სია არ ჩახსნა, რა ტიპის განცხადებები გაკეთდა, იმ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, რომლებმაც სია ჩახსნეს. ეს პროცესი, კიდევ ერთხელ, აჩვენებს იმ არაჯანსაღ დამოკიდებულებას ოპოზიციაში, რაც გამოიჩინეს საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების დროს", - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საზოგადოება კარგად უნდა დააკვირდეს იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს წარმომადგენლობით ორგანოებში.

"ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ თითოეული წევრის მიმართ გარკვეული ტიპის, ასე ვთქვათ, მორალური კომპლექსების გაჩენა ხდებოდა, რომ არ გამოეყენებინათ უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილება, რამაც, საბოლოო ჯამში, დააზიანა უპირველეს ყოვლისა ოპოზიცია და ეს თვითგანადგურების წინაშე გადადგმული ნაბიჯი იყო. შესაბამისად, ამომრჩეველმა, საზოგადოებამ და საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა დააკვირდნენ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს წარმომადგენლობით ორგანოებში და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მათ მიერ გამოგონილი, გაყალბებული ციფრებითაც კი, ვერ ახერხებდნენ უმრავლესობის დაკომპლექტებას ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა სესიის გახსნის დროს, თუ რაოდენ უმეცარი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიპრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო ოპოზიციამ გარე დავალებით. ამ დავალების შესრულებას თან ახლდა მთელი რიგი კომპლექსები, მათ შორის ინდივიდუალურად წევრებთან მიმართებით", - განაცხადა ანანიძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა.