ბათუმში, ერთ-ერთი რესტორნის უცხოელი მფლობელების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

30 აგვ 2026

ბათუმში, ერთ-ერთი რესტორნის უცხოელი მფლობელების წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მათ მიუსაფარი ძაღლების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ერთ-ერთი მეპატრონის მიერ ძაღლის მიმართ არასათანადო მოპყრობაა ასახული. აქციის მონაწილეები, ასევე საუბრობენ ცხოველების მიმართ ძალადობის სხვა შემთხვევებზე და ერთ-ერთი ძაღლის შესაძლო მოწამვლაზეც.

აქციაზე შეკრებილებს რესტორნის მეპატრონის წარმომადგენელი, ადვოკატი შეხვდა. მისი განცხადებით, ვიდეოში ასახული შემთხვევა ოთხი წლის წინანდელ ინციდენტს უკავშირდება. ადვოკატის თქმით, მაშინ რამდენიმე ძაღლი რესტორნის მეპატრონეს დაედევნა და მან მათი მოგერიება ქვის გამოყენებით სცადა.
ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ ოთხი წლის წინ მომხდარი შემთხვევა გახდა ამჟამინდელი კამპანიის საფუძველი.

მისი განცხადებით, რესტორნის მფლობელთან პირადი დაპირისპირება აქვს ორ ადამიანს, რომლებიც სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ ინფორმაციას ავრცელებენ და აქციებს აანონსებენ.

რაც შეეხება ცხოველების შესაძლო მოწამვლას, ადვოკატი ამბობს, რომ მათთვის მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას ეხება.