იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

28 აგვ 2026

ცოცხალი ცხოველის ექსპორტის ხელშეწყობისა და საქართველოში ვეტერინარული კონტროლის მექანიზმების გაცნობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო იორდანიის დელეგაციას მასპინძლობს.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, იორდანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ვეტერინარიის სამსახურის წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს - ცხოველთა უფასო ვაქცინაციები, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა; ცხოველთა გადაადგილება და ვეტერინარული კონტროლი; გაეცნენ ასევე დაავადებათა ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობებს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში  შეხვედრების შემდეგ სტუმრებმა ბიოუსაფრთხოების პუნქტები დაათვალიერეს, სადაც დღეში, საშუალოდ, 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი და უსასყიდლოდ ემსახურება ცხოველთა მეპატრონეებს.

უწყების ინფორმაციით, დელეგაცია ასევე გაეცნო  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში , ცხვრის გადასარეკ ტრასას, სადაც ცხოველთა გადაადგილებაზე ზედამხედველობა და ვეტერინარული კონტროლი მიმდინარეობს.