28 აგვ 2026
მარიამობის დღესასწაულზე ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ზვიად გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე, ტრადიციულად „ცისფერი უბანი“ მოეწყო. ტერიტორია წელსაც ბავშვების შეკრებისა და ზეიმის ადგილად იქცა. „ცისფერ უბანს“ უკვე 47-წლიანი ისტორია აქვს.
საბავშვო დღესასწაულის ტრადიციას წლებია ხელოვანი და მსახიობი პაატა მოისწრაფიშვილი აგრძელებს. ყოველ მარიამობას ის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს კეტავს, სივრცეს ბუშტებით აფორმებს და ბავშვებისთვის სადღესასწაულო გარემოს ქმნის. ღონისძიებაზე შეკრებილ ბავშვებს ტკბილეული დაურიგეს.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა იყო. პაატა მოისწრაფიშვილმა მშობლებსა და შვილებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ხშირად გამოხატონ სიყვარული, იზრუნონ ერთმანეთზე და ერთმანეთს უფრო ხშირად უთხრან — „მიყვარხარ“.
,,ცისფერი უბანი“ კი კიდევ ერთხელ იქცა ადგილად, სადაც მარიამობის დღესასწაული ბავშვებისთვის სიხარულთან, სიყვარულთან და ერთმანეთთან ყოფნასთან ასოცირდება.