27 აგვ 2026
ანგისის სასროლეთზე დასრულდა წარსულში ცნობილი მშვილდოსანის, ოთხი ოლიმპიადის მონაწილის, ევროპის თამაშების პრიზიორის, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულისა და პრიზიორის ხათუნა ნარიმანიძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში.
შეჯიბრება ქალთა და კაცთა შორის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ტურნირში ქართველ მშვილდოსნებთან ერთად მონაწილეობდნენ სპორტსმენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.
ასპარეზობა 18, 40, 60 და 70-მეტრიან დისტანციაზე გაიმართა. შეჯიბრება ჩატარდა ასევე კომპაუნტში 50 მეტრიან დისტანციაზე. სამდღიანი ასპარეზობის შემდეგ გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები, რომლებიც შესაბამისი ხარისხის მედლებით, თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი ტრადიციულია და წელს უკვე მესამედ ჩატარდა. აქვე გეტყვით, რომ ბათუმელი დავით ბასილაძე ერთადერთი მშვილდოსანია საქართველოდან, რომელიც მიმდინარე წელს სენეგალში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობაში საქართველოს სახელით იასპარეზებს.