ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

27 აგვ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელა. ცვლილებების ფარგლებში თანხები გამოიყო მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემური მონაკვეთების მოსაწყობად, ასევე სამედიცინო მომსახურებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული ოჯახების დასახმარებლად.

სხდომაზე განიხილეს კურორტ „გოდერძის“ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხიც. მესამე საკითხი კი „ხულოს მუნიციპალური სერვისების“ მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეეხებოდა. ანგარიშში საუბარი იყო გარე განათების, დასუფთავებისა და მუნიციპალური სპეცტექნიკის მომსახურების მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალური სერვისების თანამშრომლების ხელფასების გაზრდის საკითხი და მომავალ ბიუჯეტში მისი გათვალისწინების შესაძლებლობა. სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ბიუჯეტის ცვლილებების განხილვისას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ყურადღება ბეშუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ფართის საკითხზე გაამახვილა.