27 აგვ 2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მაჭახლს ადმინისტრაციული ერთეულის განაშენიანების გეგმის კონცეფცია დაამტკიცა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
კონცეფციის მიზანი მაჭახლს ხეობაში განაშენიანების რეგულირება, საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურის ესთეტიკური პარამეტრების შენარჩუნება, განვითარებისა და ცვლილებების განსაზღვრაა. დოკუმენტის მიხედვით, მისი ერთ-ერთი მიმართულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ხეობაში უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს შექმნაცაა.
როგორც საკრებულოში განმარტეს, დოკუმენტის მომზადების პროცესში შესწავლილია მაჭახლის ხეობის ფიზიკური გარემო, მათ შორის ინფრასტრუქტურა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ასევე გათვალისწინებულია სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების, ასევე დაინტერესებული პირების ინტერესები. დღესვე საკრებულომ მხარი დაუჭირა საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს.
ასევე, ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის, დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ, 2026 წლის 29 მაისის განკარგულებაში.