ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ კირნათისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა

27 აგვ 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ კირნათისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პეტიცია დარეგისტრირდა. ინიციატივის ავტორი პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი და ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი როინ აბაშიძეა.

პეტიციას ხელს სოფელ კირნათის მცხოვრებლები აწერენ. ისინი ხელვაჩაურის მერიას მიმართავენ თხოვნით, შეისწავლოს სოფელში არსებული მდგომარეობა და საკითხის განხილვის მიზნით მიმართოს მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს. პეტიციის ავტორების განცხადებით, კირნათი წლების განმავლობაში სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე დგას. 

მათი თქმით, დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები, რთული საცხოვრებელი პირობები და რთული რელიეფით გამოწვეული დამატებითი ხარჯები მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. მოქალაქეები ითხოვენ, კირნათში არსებული ფაქტობრივი გარემოებები კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდეს და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.