ზახაროვა ბრიტანეთს ემუქრება

27 აგვ 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი „ცეცხლს ეთამაშებიან“ უკრაინისთვის მგრძნობიარე სარაკეტო ტექნოლოგიების მიწოდებით, რასაც, მისი თქმით, პარიზისა და ლონდონისთვის შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს.

ზახაროვას თქმით, რუსეთს უკრაინის მიერ  ბრიტანული რაკეტების გამოყენებით რუსეთზე  დარტყმების საპასუხოდ შეუძლია დაარტყას ბრიტანულ სამხედრო სამიზნეებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ. 

დიდმა ბრიტანეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებზე წვდომას მისცემს, რათა დაიწყოს შტორმ შედოუს ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების საკუთარი წარმოება, რომლებსაც შეუძლიათ დარტყმების განხორციელება რუსეთის სიღრმეში. საფრანგეთმა კიევს უკვე მისცა თანხმობა ევროპული რაკეტის ტექნოლოგიის ლიცენზირებაზე.