სამხრეთ კორეიდან საგანგებო ჯგუფი ნეპალში გაემგზავრა

27 აგვ 2026

სამხრეთ კორეის სწრაფი რეაგირების ჯგუფი  ნეპალში გაემგზავრა თანამემამულეთა დასახმარებლად. ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე ძლიერი წყალდიდობის შედეგად სამხრეთ კორეის ცხრა მოქალაქე დაკარგულია, ხოლო 10 დახმარების მოლოდინშია.

ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სამსახურების და საგარეო საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომლისგან შემდგარი რეაგირების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიმ სანგ-ვუმ, პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებენ მათი მოქალაქეების სწრაფი და უსაფრთხო ძებნისა და გადარჩენის უზრუნველსაყოფად. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ცხრა დაკარგული ორი კორეული კომპანიის მიერ დასაქმებული თანამშრომელი იყო. 10 სამხრეთ კორეელი თანამშრომელი სტიქიის რაიონშია  ჩარჩენილი და ნეპალის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ვერტმფრენს ელოდება მათი ევაკუაციისთვის.