ოპოზიციის მიზანია ბიძინა ივანიშვილის დაზიანება და მის მიერ გაკეთებული საქმეებისთვის ჩრდილის მიყენება - თორნიკე ფაღავა

25 აგვ 2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა, ოპოზიციის მხრიდან აბასთუმნის პროექტებთან დაკავშირებით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილის დაზიანება და მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების დაკნინებაა.

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში აქაც მათ პოლიტიკური დღის წესრიგია ის, რომ როგორმე ბატონ ბიძინა ივანიშვილი დააზიანონ და მის გაკეთებულ საქმეს ჩრდილი მიაყენონ. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ყველასგან მიტოვებული და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით გაპარტახებული კურორტი აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა ხელახლა გააცოცხლა და მას ახალი სიცოცხლე შთაჰბერა. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა "ქართუმ" იმისათვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში, მოეწესრიგებინა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით აბასთუმნის ტერიტორია და თქვენ ხედავთ, როგორი გაზრდილი არის აბასთუმანში ვიზიტორების რაოდენობა და როგორ შესძინა ფონდმა "ქართუმ" აბასთუმანს ახალი სიცოცხლე. თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და არაფერი არ უნდა გვეწყინოს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათზე და არა ბიძინა ივანიშვილზე და ფონდ "ქართუზე" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა.