20 აგვ 2026
დღეიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყო პირველკლასელთათვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების იმ პუნქტებში დარიგება, საიდანაც პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მშობლებს ფორმების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამავე პუნქტებიდან გაიცემა ფორმები იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებსაც მთავრობის დადგენილებით, ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ.
„საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სულ მცირე, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს, შეიძინოს. სარეალიზაციო პუნქტების შესახებ მომავალი კვირიდან უკვე საზოგადოებისთვის საჯარო გახდება ინფორმაცია, რათა მოემზადონ და პირველი სექტემბრიდან უკვე იცოდნენ, სად უნდა მოხდეს ფორმების შეძენა“, – განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, მომავალი კვირიდან ასევე ამოქმედდება ონლაინპლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მშობლის მიერ ფორმის ონლაინ გამოწერა.
„საცალო ვაჭრობის გადახდისას თუ ონლაინ შეძენისას სხვადასხვა ბანკის მიერ მოქმედებს საშეღავათო ქეშბექ პოლიტიკა, რომელზეც, ასევე დეტალურად იქნება გაზიარებული ინფორმაცია. კიდევ ერთხელ, საზოგადოებას შევახსენებთ ამ ფორმების სარეალიზაციო ფასს. გოგონასი თუ ბიჭის პიჯაკის ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის, ასევე, ქვედაკაბის სარეალიზაციო ფასი, თითოეულის – 25 ლარი. ამ ფასში შედის როგორც დამზადების, ასევე ტრანსპორტირების, ლოგისტიკის და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აქ არ არის გათვალისწინებული არანაირი მოგება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.