სერბეთში სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

15 აგვ 2026

სერბეთის ქალაქ ვალევოში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებებიდან ერთი წლის თავზე  სტუდენტებმა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს. დემონსტრანტები იმ პირთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ, ვინც, მათი შეფასებით, ძალა გადამეტებულად გამოიყენა.

საპროტესტო აქცია  გაიმართა სლოგანით „ვალევოს ახსოვს“, აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ დროშები და ტრანსპარანტები წარწერით: „სტუდენტები გაიმარჯვებენ!“, ასევე ბანერები, რომლებიც 2025 წლის 14 აგვისტოს მოვლენებს მიეძღვნა.

ორგანიზატორების თქმით, 2025 წლის 14 აგვისტოს აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გამოჩენილი სისასტიკისთვის პასუხი არავის უგია. მოგვიანებით 27 მოქალაქემ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 28 პოლიციელისა და სხვა  სამართალდამცველის წინააღმდეგ, მაისში კი საქმე სერბეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროკურატურამ გადაიბარა.

პოლიციის განცხადებით, გასულ წელს მათი ჩარევა სამართალდამცველებზე თავდასხმამ და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევამ გამოიწვია, ხოლო მათი ქმედებები კანონის ფარგლებში ჯდებოდა. ვალევოში მომხდარი არეულობა იმ ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო პროტესტის ნაწილი იყო, რომელიც 2024 წლის ნოემბერში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას მოჰყვა. ტრაგედიამ 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.