15 აგვ 2026
პარიზელები იმედგაცრუებულები არიან იმის გამო, რომ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას კრძალავდა.
სასამართლოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევაა. მოზარდების მშობლებს იმედი აქვთ, რომ აკრძალვის საკითხს ხელახლა განიხილავენ, რადგან, მათი თქმით, ბავშვების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების მუდმივი კონტროლი რთულია.
კანონპროექტის თანახმად, 15 წლამდე ასაკის ბავშვებს პირველი სექტემბრიდან სოციალურ ქსელებში ანგარიშის გახსნა ეკრძალებოდათ. უკვე არსებული ანგარიშები კი სოციალურ პლატფორმებს ოთხი თვის ვადაში უნდა დაეხურათ. უნდა შექმნილიყო ასაკის გადამოწმების ისეთი მექანიზმი, რომელსაც საფრანგეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ორგანო დაამტკიცებდა.
თუმცა, საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონპროექტმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველასგან ასაკის დადასტურებას მოითხოვდა, ვერ განსაზღვრა შესაბამისი პირობები და ლიმიტები, და ამავდროულად, შელახა ადამიანის თავისუფლებები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ელისეს სასახლის განცხადებით, პრეზიდენტმა მაკრონმა, რომელმაც აპრილში მოზარდებს მოუწოდა, უკეთეს მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად ტელეფონები გამორთონ და წიგნები წაიკითხონ, პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს დაავალა, კანონპროექტს გადახედოს და მასში საკონსტიტუციო სასამართლოს შენიშვნები გაითვალისწინოს.