ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი 112 -ს ეწვია

14 აგვ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ულან ნიაზბეკოვი, დელეგაციასთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112 -ს ეწვია. 

დელეგაციის წევრები 112-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესის, ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეოსამეთვალყურეო და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

დღის განმავლობაში ყირგიზეთის შს მინისტრს უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმაც. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუდიენციისას  ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე.