ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის მერი ახალგაზრდებს შეხვდნენ

14 აგვ 2026

„ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ - პროექტის ფარგლებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის მერი ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრას სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტები და  მუნიციპალური სპორტული კლუბების წევრები ესწრებოდნენ. ისაუბრეს თვითმმართველობის არსზე, საკრებულოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, კომპეტენციებსა და ფუნქციებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა მოგვიანებით ევროპის მოედნის მიმდებარედ გადაინაცვლეს, სადაც ბათუმის ისტორიული თვითმმართველობის საქმიანობას - XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქალაქის სათათბიროს მუშაობას, ხმოსანთა როლს ქალაქის განვითარებაში და სხვა საკითხებს გაეცნენ.

 გაიხსენეს წარსულში ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 22 ქვეყნის საკონსულო. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საექსპოზიციო სივრცეც მოინახულეს.

ისაუბრეს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, პორტის ისტორიულ მნიშვნელობასა და მის როლზე ბათუმის ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტი - „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ -  ბათუმის საკრებულოში 2026 წლის ივლისიდან ამოქმედდა.