14 აგვ 2026
საბერძნეთის ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე, ტურისტებმა და ადგილობრივებმა სოფლები დატოვეს. ძლიერი ქარისგან გაღვივებული ტყის ხანძარი საკურორტო სეზონის პიკში, დასასვენებელ ზონებს მიუახლოვდა. ტყის ხანძრის ჩასაქრობად 140-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული.
სახანძრო სამსახურის მიერ სოციალურ ქსელ იქს-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, სამუშაოებში ჩართულია ცხრა თვითმფრინავი და შვიდი ვერტმფრენი. დაშავდა ერთი მეხანძრე, სტიქიის რაიონში შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.
მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს ცენტრალურ ინგლისში, ქალაქ სტურბრიჯში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს მოედო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ექვს შენობაზე გავრცელდა, ხოლო ორმა ადამიანმა დამწვრობა და კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო.
ხანძარს 60-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ტყის ხანძარია ესპანეთშიც. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ ცეცხლს, რომელმაც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 8 ათასზე მეტი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. სტიქიის გამო რეგიონიდან 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
სან-ხუან-დე-ლა-პენიის სამეფო მონასტერს ხანძრის საფრთხე დაემუქრა, რის გამოც ხელისუფლებამ იქიდან არაგონის პირველი სამი მეფის ნეშტი უსაფრთხო ადგილას გადაასვენა. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ხანძრის შესაძლო გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.