საფრანგეთსა და გერმანიაში ტყის ხანძრების გამო მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

14 აგვ 2026

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ლანდის დეპარტამენტში, ფიჭვნარში გაჩენილი ხანძრის გამო, ხელისუფლებამ 525 ადგილობრივი მცხოვრებლის ევაკუაცია განახორციელა. ეს ტერიტორია იმ რეგიონის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც მიმდინარე ზაფხულს ძლიერმა ხანძრებმა დააზარალა. ხანძარი ხუთშაბათს, 13 აგვისტოს გაჩნდა და 1100 ჰექტარი ფართობი გაანადგურა.

დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცეცხლი სოფელ ლუგლონის ცენტრიდან უკვე 2 კილომეტრის რადიუსში იყო გავრცელებული.  სტიქიას 500 მეხანძრე-მაშველი და ექვსი თვითმფრინავი ებრძვის. ტყის ხანძარია გერმანია-ბელგიის საზღვართანაც, რის გამო ათას 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებულები  მეზობელ სოფელ შტრასის დაწყებით სკოლაში მოწყობილ დახმარების ცენტრში განათავსეს.

ტყის ხანძარმა დაახლოებით 25 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა, რის გამოც გზები ჩაიკეტა და საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. ტყის ხანძრებს დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში არსებულ უპრეცედენტოდ მშრალ და ცხელ ამინდს უკავშირებენ. 

ივნისი კონტინენტის ისტორიაში ყველაზე თბილი აღმოჩნდა, რამაც ტყის ხანძრების გაჩენის საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა.