14 აგვ 2026
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა აგვისტოში გასამართი მატჩებისთვის თბილისში მზადება დაიწყო. აგვისტოში ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის – 28 აგვისტოს თბილისში მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიასთან. მანამდე, 23 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში ამხანაგურ შეხვედრას ისრაელთან ჩაატარებს.
ნაკრებთან ერთად მოახლოებული შეხვედრებისთვის ემზადებიან NBA-ს მოთამაშეები – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. გუნდთან ერთად არის ლეგიონერი მარკის რიდიც, ასევე კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ საკალათბურთო კლუბ „დუბაის“ წევრი გახდა.
ამ ოფიციალურ მატჩებზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ. პირველად გუნდმა პლანეტის პირველობაზე 2023 წელს იასპარეზა.