13 აგვ 2026
საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით განცხადებები ისევ კეთდება დედაქალაქში. ოპოზიციას ხელისუფლებასთან დამატებითი კითხვები აქვს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ისინი საკმარისად არ მიიჩნევენ და ითხოვენ დაზუსტებას - რომელმა კომპანიებმა შეიტანეს ტვირთი და იყო თუ არა ის რეალურად ჰუმანიტარული მიზნით გამოყენებული.
„ქართულ ოცნებაში„ კი განმარტავენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის ინიციატივა ბიზნესმა გამოთქვა და სახელმწიფო წინააღმდეგი არ წასულა, რადგან იქ საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ.
შეგახსენებთ, რომ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.