არქეოლოგიური კვლევები ჩხუტუნეთის ციხესთან

13 აგვ 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ჩხუტუნეთის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისათვის, ექსპედიციის ფარგლებში ციხე-სიმაგრის შიდა სივრცე, მათ შორის, კოშკის შიდა ტერიტორია და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ჩამოშლილი კონსტრუქციები შეისწავლეს.

პარალელურად, ციხის ჩრდილოეთით გაიწმინდა გასულ წლებში აღმოჩენილი რვა ერთეული ქვევრიც, რომელთა მიმდებარედ კიდევ ოთხი ქვევრი იპოვეს. 

რაც შეეხება არქეოლოგიურ არტეფაქტებს, ამ დროისათვის, ექსპედიციის ფარგლებში, მოპოვებულია შუა საუკუნეებისა და ოსმალური პერიოდისათვის დამახასიათებელი ნივთიერი მასალა.

გათხრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და აშშ-ს სიეტლის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. 

პროექტის მხარდამჭერები არიან ხელვაჩაურის მერია და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. აღნიშნული უწყებების წარმომადგენლებმა ექსპედიციის მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს. პროექტის მიზანი ჩხუტუნეთის ციხე-სიმაგრის არქეოლოგიური კვლევა, მისი როლისა და ფუნქცია-დანიშნულების განსაზღვრაა.