13 აგვ 2026
ისლანდიის ცაზე მზის სრული დაბნელების კადრებს აქვეყნებს ნასა, რომელიც მის კოსმოსურ ხომალდზე მზის კორონის შესასწავლად დამონტაჟებული ვიდეოკამერითაა გადაღებული. ამ ასტრონომიული მოვლენის სრული ფაზა იხილეს ესპანეთში, ისლანდიასა და გრენლანდიაში. მილიონობით ადამიანი, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, დაბნელების ნაწილობრივი ფაზის მოწმე გახდა.
ევროპელებისთვის ეს იყო ყველაზე სანახაობრივი მზის დაბნელება ბოლო 30 წლის განმავლობაში.
მილიონობით ადამიანი შეიკრიბა ისლანდიასა და ჩრდილოეთ ესპანეთში, რათა თვალი მიედევნებინათ მზის სრული დაბნელებისთვის. ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში სპეციალური სათვალეები, რომლებიც ადამიანებს ამ ფენომენზე თვალის დაზიანების რისკის გარეშე დაკვირვების საშუალებას აძლევს, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იყიდება. ამის მიზეზი ისაა, რომ 400 ათასამდე მოსახლეობის მქონე სკანდინავიური ქვეყანა ფენომენის დასაკვირვებლად 100 ათასამდე ვიზიტორს ელოდა.
მზის სრული დაბნელებისას მთვარე დედამიწის ირგვლივ მოძრაობის დროს მზესა და დედამიწას შორის გაივლის, მისი ჩრდილი ეცემა დედამიწას და თანამიმდევრობით აბნელებს მის სხვადასხვა ნაწილს.