12 აგვ 2026
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა ახალ, გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდა - შავ ზღვაში ფსკერის დაღრმავების პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
სამუშაოებს მსოფლიოში აღიარებული ბელგიური გიგანტის, „ჟან დე ნულის“ სპეციალური ხომალდი „ტრისტან და კუნია“ ახორციელებს. გემი საქართველოს საზღვაო სივრცეში უკვე შემოვიდა და პირველ ეტაპზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, ტალღმჭრელის არხს მოაწყობს, რის შემდეგაც უშუალოდ აკვატორიის დაღრმავებაზე გადავა.
აგვისტოს ბოლოს ანაკლიას კიდევ ერთი დამღრმავებელი ხომალდი შეუერთდება. ზღვის პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ხმელეთზეც. მძიმე სამშენებლო ტექნიკის დახმარებით იყრება ქვა - ღორღი, რითაც ტალღმჭრელის პირველი მონაკვეთი შენდება. პროცესს ადგილზე გაეცნო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
პროექტის მიხედვით, ნავსადგურის მშენებლობის პირველი ეტაპი 2029 წლისთვის დასრულდება, რა დროსაც იგეგმება ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და ფუნქციონირების დაწყება.