12 აგვ 2026
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი შემოდგომაზე მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მიიღო მოხსენება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსისგან, რომელშიც აღნიშნულია რომ მობილიზაციის შესახებ ინფორმაცია რუსული შიდა დოკუმენტებით დასტურდება.
მოხსენების მიხედვით, რუსები ამისთვის შემოდგომაზე ემზადებიან, იმიტირებული საპარლამენტო არჩევნებისთანავე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინის გეგმა რთული არ არის და მას სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსები ომს მხარს უჭერენ, რადგან ამჟამად დაშვებული ყველა პარტია, ასე თუ ისე, მშვიდობის წინააღმდეგია. პრეზიდენტმა დაამატა, რომ უკრაინა რუსეთისთვის ამ გეგმების განხორციელების მაქსიმალურად გასართულებლად ემზადება.