საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

12 აგვ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ორმა ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს „სარფისა“ და „ხიხაძირის“ სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ე.წ. „მწვანე ზოლის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან ქვეითად გადმოკვეთა, ხოლო ერთმა ბრალდებულმა სახელმწიფო საზღვარი სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.