ქობულეთის ბიუჯეტი გაიზარდა

11 აგვ 2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი  3 მილიონ 761 ათას 714 ლარით გაიზარდა. შედეგად, მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა. ცვლილებებს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ბიუჯეტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი შემოსავლების ხარჯზე განხორციელდა.

დამატებითი ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება. ბიუჯეტში აისახა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 635 ათასი ლარიც. ეს  თანხა სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად არის გათვალისწინებული. კომპენსაცია 68 ოჯახს გადაეცემა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ასევე 846 ათასი ლარი დაემატა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. პროგრამით გათვალისწინებული თანხები მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისად სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებას მოხმარდება. მუნიციპალიტეტმა ორ მილიონ ლარზე მეტი დამატებითი შემოსავალი ადგილობრივი შემოსავლების ზრდის შედეგადაც მიიღო. 

სწორედ აღნიშნული რესურსების გათვალისწინებით გახდა შესაძლებელი 2026 წლის ბიუჯეტის გაზრდა. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კიდევ ორი საკითხი განიხილეს.   იმსჯელეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეთანხმებისა და მერიის საშტატო ნუსხაში შესატან ცვლილებებზე.