11 აგვ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 მებრძოლი, მათ შორის 2 სამხედრო მოსამსახურე აჭარიდან ემსხვერპლა, რომლებმაც თავიანთი თავგანწირვით შექმნეს გმირობის გამორჩეული მაგალითი საქართველოს უახლეს ისტორიაში.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, შინდისის გმირების თავგანწირვა სამშობლოს სიყვარულის, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის და პატრიოტული სულისკვეთების ერთგულების სიმბოლოდ რჩება.