ახმეტის სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცეს

11 აგვ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინვენტარი და ეკიპირება მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.

მინისტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერ ალექსი ფიცხელაურთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. 

სპორტული ინვენტარი, რომელიც პანკისის მხარეშიც გადანაწილდება, მოიცავს ძიუდოს კიმონოებს, ტატამებს, კრივისა და კიკბოქსის ინვენტარს, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთებს.

სპორტის მინისტრი აგრძელებს მუნიციპალიტეტებში სპორტული ობიექტების დათვალიერებასა და მათი საჭიროებების აღწერას, პარალელურად დაწყებულია მათი სპორტული ინვენტარით მომარაგება. 2028 წლის ბოლომდე აღწერისა და მომარაგების პროცესი მთელ ქვეყანაში დასრულებული იქნება.