ზურაბ პატარაძე , დენის სალუქვაძესთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

10 აგვ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან დენის სალუქვაძესთან ერთად, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მთავრობის თავმჯდომარე სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო, ასევე დაათვალიერა უწყების ბალანსზე არსებული სპეციალიზებული ტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ეტაპობრივად ძლიერდება სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მიმდინარეობს თანამედროვე სპეციალიზებული ტექნიკითა და აღჭურვილობით განახლება. ღონისძიებაზე სააგენტოს საქმიანობა შეაჯამეს და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები განიხილეს.

სააგენტო ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციის, აღდგენა-განახლების, მავნებლებთან ბრძოლისა და სატყეო ინფრასტრუქტურის განვითარების სამუშაოებს. ასევე მიმდინარეობს სანერგე მეურნეობისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით სამუშაოები.

ღონისძიების ფარგლებში, სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სატყეო სექტორის განვითარება და მწვანე საფარის დაცვა რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

მისივე თქმით, აჭარის მთავრობა გააგრძელებს სააგენტოს მხარდაჭერას, მისი ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ტყის რესურსების ეფექტიანი მართვის ხელშეწყობას.