10 აგვ 2026
დასრულდა 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის პირველობა. ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 35:28 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე მოპოვებული ოთხი გამარჯვების შედეგად 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ მამულაშვილი დასახელდა, რომელიც შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა, მეორე მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ანგარიშით 35:32 გაიმარჯვა, მესამე მატჩში კვიპროსის ნაკრები ანგარიშით 29:19 დაამარცხა, ხოლო მეოთხე გამარჯვება კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოიპოვა, რომელშიც მეტოქეს ანგარიშით 35:30 სძლია.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობდნენ. კონტინენტის პირველობას თელავის სპორტის სასახლე მასპინძლობდა.