09 აგვ 2026
ტრამპი შესანიშნავი მეგობარია, მაგრამ მე ვიცი, როგორ დავიცვა ჩემი პოზიცია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ღაზის მომავალთან დაკავშირებით „მშვიდობის საბჭოს“ გეგმა, რომელიც დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა უარყო.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი უარს ამბობს ტრამპის მიერ შემუშავებული 15 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ისრაელელი სამხედროები პალესტინის ტერიტორიიდან არ გავლენ, ვიდრე დაჯგუფება „ჰამასი“ სრულად არ განიარაღდება.
„ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპს. ის თეთრ სახლში ჩვენი კარგი მეგობარია. ვაფასებ ისტორიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ირანის მცდელობების წინააღმდეგ, მოიპოვოს ბირთვული იარაღი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, შეთანხმებით თუ მის გარეშე, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. მათგან განსხვავებით, ვინც გვარიგებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ისრაელის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შეგვიძლია და ვიცით, როგორ დავდგეთ ჩვენი საუკეთესო მეგობრების წინააღმდეგაც, როდესაც ეს საჭიროა“, – ამბობს ნეთანიაჰუ.
მისი თქმით, ამ საკითხზე ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა აშშ-ის შეთავაზების ზოგიერთი ნაწილი ისრაელისთვის მისაღებია, ზოგი კი — არა.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება — არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე.
„ჰამასის“ წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ დაჯგუფება ტრამპის მიერ შემოთავაზებული გეგმის ერთგულია და აშშ-ისა და შუამავლებისგან ისრაელზე ზეწოლას ელოდება, რათა ნეთანიაჰუმ შეთანხმების განხორციელებას ხელი არ შეუშალოს.
ისრაელის მემარჯვენე მინისტრები ნეთანიაჰუს პოზიციას მხარს უჭერენ. ფინანსთა მინისტრმა ბეცალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიამ ღაზის ტერიტორიიდან უკან „ერთი მილიმეტრითაც“ არ უნდა დაიხიოს.