“მუსიკა ბათუმიდან“ - საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი დღეს იწყება

09 აგვ 2026

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი “მუსიკა ბათუმიდან“ დღეს იწყება. პირველი კონცერტი 20 საათზე მემედ აბაშიძის 18 ნომერში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. მუსიკალური საღამოები მომდევნო 4 დღის განმავლობაში ბათუმში ჩატარდება.

15-16 აგვისტოს კი ფესტივალს ქობულეთი და ქედა უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. პარალელურად კი მსმენელებსა და მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ ლაივ-კონცერტებს  საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პირდაპირ ეთერში ადევნონ თვალი.

ფესტივალის მასშტაბები იზრდება. წელს პროექტში 16 ბენდი მონაწილეობს, მათ შორის საკონცერტო პროგრამით წარსდგება აზერბაიჯანული ჯაზ-კვარტეტი. რადიოფესტივალი 2023 წლიდან ტარდება და მისი მიზანია ადგილობრივი მუსიკოსების საავტორო შემოქმედების პოპულარიზაცია. ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია.