04 აგვ 2026
ჩირუხში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
ჩირუხში მოწყობილია საბავშვო და სპორტული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კვების ზონები, ფოტოზონები და სხვადასხვა გასართობი ლოკაცია. „შუამთობა“ ქორეოგრაფიული ანსამბლ „მერცხლის“ შესრულებით, ცეკვა „განდაგანათი“ გაიხსნა.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სადღესასწაულო პროგრამა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაგრძელდა. სტუმრების წინაშე ასევე წარდგნენ მოწვეული შემსრულებლები და ბენდები.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში. დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩირუხის ზიპლაინი მოინახულა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.