02 აგვ 2026
კურორტ ბეშუმში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ მასშტაბურად აღინიშნა. დღესასწაული ოფიციალური გახსნით დაიწყო, რის შემდეგაც კულტურული პროგრამა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაგრძელდა.
ღონისძიების ფარგლებში საპატიო ხულოელები დააჯილდოვეს, გაიმართა ტრადიციული ნიშნობის საზეიმო ცერემონია, რომელიც „აჭარული მაყრულით“ დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში ბეშუმში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ესარგებლათ კვების სივრცეებით, მოენახულებინათ სპეციალურად მოწყობილი ფოტოზონები და სხვადასხვა გასართობი სივრცე.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები დოღი, ქართული ჭიდაობა და მკლავჭიდი. გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოვეს, ხოლო ღონისძიება მოწვეული შემსრულებლებისა და ბენდების მონაწილეობით გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.
ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. მათ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და შუამთობის დღესასწაული მიულოცეს.
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ წელსაც ათასობით სტუმარს მასპინძლობდა. ბეშუმში შეკრებილები იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები, რომლებმაც შუამთობა ტრადიციულად ერთად აღნიშნეს.