აშშ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მოლაპარაკებებში პროგრესია - ტრამპი

02 აგვ 2026

ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე დაგეგმილ თავდასხმას აუქმებს, რადგან მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ამ გადაწყვეტილებას ისრაელიც უჭერს მხარს.

„ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მზადყოფნაშია, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ იმოქმედოს ისეთი სამხედრო ძალით, სიმძლავრითა და მასშტაბით, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. მიუხედავად ამისა, ირანმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა გვთხოვეს, თავდასხმა გადავდოთ, რადგან შეთანხმების ძირითადი პარამეტრები უკვე შეთანხმებულია. ეს მოიცავს ჰორმუზისსრუტის დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გახსნას, ასევე ირანის ბირთვული საფრთხის დასრულებას. ამ თხოვნის საფუძველზე, მსოფლიოს მომავალი კეთილდღეობისა და წარმატებული, აყვავებული ირანის არსებობის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, თავდასხმა გავაუქმო, იმ პირობით, რომ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული. ისრაელის სახელმწიფოც მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას. ყველამ საქმეს მიხედეთ და ეს ბოლომდე მიიყვანეთ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციის გეგმავდნენ.