01 აგვ 2026
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება - მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით. ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით ბოლო წლებში საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, აღნიშნული პროცესი მნიშვნელობნად განაპირობებს საქართველოს ნავსადგურებში გამტარუნარიანობის მაქსიმალურ დონეზე დატვირთვას, ამ თვალსაზრისით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დატვირთვა მოემსახურება შუა დერეფანში მოძრავი ტვირთნაკადების გაზრდის მიზანს, რომლის მიზანიც დაკავშირებადობის უზრუნველყოფაა ცენტრალური აზიის, აზიის და ევროპის სახელმწიფოებს შორის.
ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის დამღრმავებელი გემის შემოსვლის დროს, გემზე იმყოფებოდა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორი ზურაბ სიჭინავა, რომელიც გემის კაპიტანთან და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო უახლოეს დღეებში დასაწყები დაღრმავებითი სამუშაოების სპეციფიკას, გაეცნო გემის შესაძლებლობებს და ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობა მიიღო შესაბამის პროცესებში.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით განავითარებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, არაერთ, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან ითანამშრომლოს.