01 აგვ 2026
11 წელი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის სამსახურში — სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარსებიდან 11 წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. პროფესიული დღე უწყების თანამშრომლებს ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს. საიუბილეო შეხვედრაზე მთავარი აქცენტი ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში სამსახურის განსაკუთრებულ წვლილზე გაკეთდა. სუს-ის უფროსმა, გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ უწყებას ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი მისია აკისრია.
ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმაც. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ტრადიციულ საფრთხეებთან ერთად, ჰიბრიდულ გამოწვევებს, საინფორმაციო ომსა და კიბერშეტევებსაც მოიცავს.
სიტყვით გამოსვლისას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიკორუფციული საქმიანობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრევენციული ღონისძიებების შედეგად, არაერთი საფრთხის თავიდან აცილება მოხერხდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საფრთხეების დროული გამოვლენა და პრევენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.
თანამედროვე მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები სულ უფრო რთული და მრავალფეროვანი ხდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა საფრთხეების დროულ გამოვლენასა და პრევენციას ენიჭება.
საიუბილეო ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას. ღონისძიების ფარგლებში, მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, სამსახურის თანამშრომლებს უწყებრივი მედლები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. წელს პირველად გაიცა სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული ჯილდოც.