30 ივლ 2026
ევროკავშირმა მეხანძრეები და თვითმფრინავები გაგზავნა იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროპაში მძვინვარე ხანძრების ტალღას ებრძვიან. მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში დასახმარებლად ასობით მეხანძრე ჩავიდა. საფრანგეთმა დახმარება მიიღო მრავალი ქვეყნიდან.
მეხანძრე-მაშველები ჟირონდაში მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, რომელმაც ათობით ათასი ჰექტარი მიწა დაწვა და მასშტაბური ევაკუაცია გამოიწვია. საბერძნეთში გამანადგურებელი ტყის ხანძრებია, ხოლო ესპანეთსა და თურქეთში მასშტაბური ცეცხლი ძლიერი სიცხის, ქარისა და მშრალი ამინდის პირობებში სწრაფად ვრცელდება. კრეტაზე ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს სამი მეხანძრე დაიღუპა. საფრანგეთში ტყის ხანძართან ბრძოლაში სამხედრო მოსამსახურეებიც ჩაერთვნენ.
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ცეცხლმა 42 ათასი ჰექტარი მიწა გაანადგურა. ბორდოს მახლობლად ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ხანძრის ლოკალიზება. სტიქიამ ფიჭვნარი გაანადგურა და 220 ათასი ადგილობრივი და დამსვენებელი აიძულა ევაკუირებულიყო. ხანძრების ყველაზე დიდი საფრთხე ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთსა და ხმელთაშუა ზღვის რკალზეა კონცენტრირებული.