პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში ახალ ფუნქციას იძენს

25 ივლ 2026

პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში ახალ ფუნქციას იძენს. სივრცე, სადაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ახლა ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ინოვაციების ცენტრად გადაიქცა. აქ ერთ სივრცეში მოიყარეს თავი თანამედროვე ლაბორატორიებმა, სტარტაპებისთვის შექმნილმა გარემომ, სამეცნიერო მუზეუმმა და საგანმანათლებლო პროგრამებმა.

პროექტის ავტორების შეფასებით, ტექნოლოგიური ჰაბი დასავლეთ საქართველოში ინოვაციების განვითარების მთავარი პლატფორმა იქნება. სივრცე გათვლილია როგორც მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, ისე მეწარმეებსა და მკვლევრებზე, რომლებიც საკუთარი იდეების განვითარებასა და პრაქტიკაში განხორციელებას შეძლებენ.

ტექნოლოგიური ჰაბის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი თანამედროვე ლაბორატორიებია. რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დრონები, ვირტუალური რეალობა, 3D პროტოტიპირება - ეს იმ მიმართულებების ნაწილია, რომლებზეც მომუშავე ახალგაზრდებსა და სტარტაპებს აქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

კომპლექსში განთავსებულია სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმიც, სადაც ექსპონატების დათვალიერებასთან ერთად ვიზიტორებს მათი გამოცდა და ექსპერიმენტებში მონაწილეობაც შეეძლებათ. ამავე სივრცეში იმუშავებს TUMO-ს კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრიც, რომელიც ასობით ახალგაზრდას პროგრამირების, დიზაინისა და სხვა ციფრული მიმართულებების შესწავლას შესთავაზებს.

ტექნოლოგიური ჰაბი მხოლოდ სასწავლო სივრცე არ იქნება. პროექტი მოიცავს სტარტაპების განვითარების ზონებს, საერთაშორისო კომპანიებისთვის საოფისე სივრცეებსა და ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებსაც. ხელისუფლების მოლოდინია, რომ ქუთაისი ეტაპობრივად ქვეყნის ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ცენტრად ჩამოყალიბდება. შეძლებს თუ არა ეს ჰაბი ქვეყნის ტექნოლოგიურ რუკაზე ახალი ცენტრის შექმნას, ამას უკვე დრო აჩვენებს.