25 ივლ 2026
ესპანეთის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო ნაწილებია მობილიზებული. მადრიდის რეგიონში ბულდოზერებით ქმნიან ბარიერებს, რათა ცეცხლი დასახლებულ პუნქტებზე არ გავრცელდეს. ესპანეთის ხელისუფლება ებრძვის ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მასშტაბურ ხანძარს. მადრიდისა და ავილას რეგიონებში გაჩენილმა ცეცხლმა თითქმის 80 ათასი ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინა.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მადრიდის რეგიონში 9 000 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა.
ესპანეთმა ხანძრის გამო პირველად გამოაცხადა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდე-მარლასკამ განაცხადა, რომ ხანძრის ჩასაქრობად,მობილიზებულია 2 ათასზე მეტი საგანგებო სიტუაციების პერსონალი და 10 თვითმფრინავი.
გარემოს დაცვის მინისტრმა სარა ააგესენმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ წელს ესპანეთში 29-ზე მეტი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რამაც 2025 წლის ხანძართან შედარებით ხუთჯერ მეტი ფართობი დააზიანა.
ანალოგიური სურათია საფრანგეთშიც. თვეების განმავლობაში სიცხემ და გვალვამ უკიდურესად საშიში პირობები შექმნა, წვიმა მოსალოდნელი არ არის, ხოლო მომავალ კვირას კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურას ვარაუდობენ. ხელისუფლებამ ბორდოსთან ახლოს მდებარე შვიდი ქალაქის ევაკუაციის ბრძანება გასცა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საფრანგეთში ევაკუირებულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 200 ათას-ს შეადგენს.
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო სულ 270 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ ქვეყნებმა, რომლებმაც ბოლო თვეებსა და წლებში არაერთი სიცხის ტალღა და ხანძარი განიცადეს, ასევე მიმართეს ევროკავშირს დახმარებისთვის, მიმდინარე წელს ევროპაში ტყის ხანძრებმა უკვე მეტი მიწის ფართობი გაანადგურა, ვიდრე ბოლო ორი ათწლეულის საშუალო წლიური მაჩვენებელია. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება სიცხის ტალღებს, გვალვებსა და ხანძრებს უფრო ინტენსიურს ხდის.