25 ივლ 2026
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 1 მლრდ ლარს შეადგენს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.
პროექტი „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში და მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური სატვირთო ელმავლების პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპლუატაციის ვადა იწურება. ახალი ელმავლების შესყიდვით კომპანია სალოკომოტივო პარკს განაახლებს და საოპერაციო შესაძლებლობებს გაზრდის.
ახალი ელმავლების შესყიდვასთან ერთად, პროექტი ხაშურში, საქართველოს რკინიგზის კუთვნილ ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების ტექნიკური მომსახურების ახალი დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია საკუთარი ხარჯებით დააპროექტებს, ააშენებს და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფს ახალ დეპოს.