25 ივლ 2026
„ზაფხულის ფესტივალი“ ქობულეთში გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.
ქობულეთის ცენტრალურ პარკში კონცერტზე დასასწრებად ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები შეიკრიბნენ. დამსწრეების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები ზრუნავდნენ.
ფესტივალის ფარგლებში ქობულეთის ცენტრალური პარკი საზაფხულო დეკორაციებითა და თემატური ინსტალაციებით გაფორმდა. დღის განმავლობაში პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.
კონცერტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შეკრებილებს სცენიდანაც მიმართეს და აღნიშნეს, რომ მსგავს აქტივობებს მხარდაჭერა მომავალშიც ექნება. „ზაფხულის ფესტივალი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.