უფასო სამედიცინო კონსულტაციები ბეშუმსა და თეთრობის მთაზე

24 ივლ 2026

ბეშუმსა და თეთრობის მთაზე მემთეურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით უფასო სამედიცინო კონსულტაციები მიმდინარეობს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის ფარგლებში  სხვადასხვა პროფილის ექიმები საზაფხულო იალაღებზე მყოფ მოსახლეობას პროფილაქტიკურ გასინჯვასა და კონსულტაციებს უწევენ. 

საჭიროების შემთხვევაში ტარდება დიაგნოსტიკური კვლევები, გაიცემა მედიკამენტები, ასევე მიმდინარეობს C ჰეპატიტის, აივ ინფექციის, შიდსისა და ტუბერკულოზის სკრინინგი. პროგრამის მიზანი დაავადებების დროული გამოვლენა და პრევენციაა. 

აჭარის მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისა და მემთეურთა ავადობის კვლევის პროგრამას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მესამე წელია ახორციელებს.

სამედიცინო კონსულტაციების პროცესს ადგილზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხულოს მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.