აჭარაში ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა

23 ივლ 2026

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში  ძვლის ტვინის პირველი ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩატარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი სამედიცინო მიმართულების დანერგვა პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის ადგილზე, რეგიონიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად ჩატარების საშუალებას აძლევს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში 125 000-დან 235 000 ლარის ფარგლებში  2019 წლიდან აფინანსებს. პროგრამით უკვე ისარგებლა 98-მა პაციენტმა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი იმ პაციენტებს შეხვდა, რომლებმაც ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაიტარეს.

შეხვედრაზე პროგრამების შედეგები, პაციენტების გამოცდილება და სამომავლო განვითარების გეგმები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, შესაბამისი მიმართულების ექიმები და სამედიცინო  სფეროს  სხვა წარმომადგენლები.

ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში 2016 წლიდან ასევე ტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია.