22 ივლ 2026
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბურ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანში სამ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ახალი სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, საფილტრი და სატუმბი სადგურების, მაგისტრალური მილსადენების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს.
პირველი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გამწმენდი ნაგებობის გაფართოება-რეკონსტრუქცია და ახალი რეზერვუარების მშენებლობა.
მეორე პროექტის ფარგლებში უკვე მოწყობილია 19.3 კილომეტრი წყალმომარაგების და 17.3 კილომეტრი წყალარინების ქსელი, ასევე 387 რკინაბეტონის ჭა.
მესამე პროექტის ფარგლებში სოფელ ტიმოთესუბანთან შენდება ახალი სათავე ნაგებობა და სატუმბი ინფრასტრუქტურა. დასრულების ეტაპზეა საფილტრი სადგურის მშენებლობა, პროექტის ფარგლებში სამუშაოების 68% შესრულებულია.
პროექტების დასრულების შემდეგ, ბაკურიანის 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24-საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.