სინგაპურში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას - ლევან ჟორჟოლიანი

22 ივლ 2026

სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანის თქმით, მნიშვნელოვანია სინგაპურის გამოცდილების გაზიარება.

„პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, იმის მიუხედავად, რომ დიდია დისტანცია საქართველოსა და სინგაპურს შორის. ორივე ქვეყანა წარმოადგენს თავის რეგიონში ერთგვარ ფინანსურ და რეგიონულ ჰაბს. შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა. სინგაპურში არის ძალიან განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები. ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა. შეხვედრა გვაქვს აგრეთვე ფინტექკომპანიების წარმომადგენლებთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს პრეზენტაციას იმასთან დაკავშირებით, როგორი საინვესტიციო კლიმატია საქართველოში. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება საკმაოდ მარტივია, ქვეყანა, სადაც გადასახადები არის საკმაოდ დაბალი, მიმზიდველია საინვესტიციო გარემო და ამას ემატება სტაბილური და მშვიდობიანი გარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი, რაც მეტად აადვილებს ნებისმიერი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას“, – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სინგაპურში იმყოფება. ირაკლი კობახიძე სინგაპურში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში, ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.