21 ივლ 2026
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ხულოს დრამატულ თეატრში ორი საბავშვო სპექტაკლი „სამი გოჭი“ და „რწყილი და ჭიანჭველა“ გაიმართა.
„სამი გოჭი“ დიმიტრი ხვთისიაშვილის პიესის მიხედვით რეჟისორმა გია მარღანიამ დადგა. სპექტაკლი ვეგეტარიანელი მგლის, ინგოლფის, ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სამი გოჭის შვილიშვილებს სტუმრობს და მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და თანადგომის მნიშვნელობას წარმოაჩენს.
„რწყილი და ჭიანჭველა“ კი ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნიმუშს ეფუძნება. წარმოდგენამ რწყილისა და ჭიანჭველას მეგობრობის ამბავი გაცოცხლა და მაყურებელს ერთგულების, სიკეთისა და უანგარო დახმარების მნიშვნელობა ფოლკლორული მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის საშუალებით უჩვენა. საგასტროლო ტურნე ხვალაც გაგრძელდება.
ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე მაყურებელს სპექტაკლ „ბლეზის“ ნახვის შესაძლებლობა ექნება.