ალბომის „საჩუქარი საქართველოდან“ პრეზენტაცია

21 ივლ 2026

ალბომის „საჩუქარი საქართველოდან“ წარდგენა გაიმართა. ქართველის მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ ალბომი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა და ის ავტორებმა ირინე საგანელიძემ და გიორგი კალანდიამ წარადგინეს. გამოცემაში წარმოდგენილია ტრადიციული რეწვის დარგები: მეთუნეობა, ქსოვილის წარმოება, ოქრომჭედლობა, ხეზე კვეთა და სხვა.

ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. მინისტრის განცხადებით წიგნის მიზანი ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროს დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და განვითარებაა. 

ალბომში წარმოდგენილია ინფორმაცია 80-ზე მეტი ქართველი ხელოვანისა და 15 სახელოსნოს მიერ სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული ნამუშევრების, ასევე, რეგიონული სახელოსნოების, შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური ხელოვანების ნიმუშების და მათი დამზადების პროცესის შესახებ. 

გამოცემაში ასევე თავმოყრილია ცნობები საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა იმ ინსტიტუციის შესახებ, რომელთა პროფესიული საქმიანობაც გამოყენებითი ხელოვნების სფეროს უკავშირდება.